ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა – “ჰიგიენის მცველები” დაიწყო
ახალგაზრდებში კოვიდ-19-ის პრევენციისა და უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკის ხელშეწყობის მიზნით დაიწყო ახალი პროექტი, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან(CSDC) პარტნიორობით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი 12-17 წლის მოზარდების ინფორმირება უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკების და სწორი ჰიგიენური ქცევითი უნარ-ჩვევების შესახებ სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით. პროგრამის პირველი ეტაპი ითვალისწინებს სამი დღის განმავლობაში მოზარდებისთვის ინტენსიური ტრენინგების ჩატარებას ჰიგიენის დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში მათი ჩართულობის შესახებ. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან პრაქტიკულ სავარჯიშოებში, გაეცნობიან კლუბური საქმიანობის არსს, მენტორების დახმარებით ჩამოაყალიბებენ უსაფრთხო ჰიგიენის მხარდამჭერ კლუბებს და დაგეგმავენ შემდგომ საქმიანობებს.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მოზარდები, მათ შორის, თბილისში, რუსთავში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არსებული სხვადასხვა სოციალური დაწესებულების მომხმარებლები, სასკოლო განათლების მიღმა დარჩენილი მოზარდები, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებისა და თავშესაფრების და მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პირველად საქართველოში დაინერგება მობილური სკოლის მოდელზე დაფუძნებული „უსაფრთხო ჰიგიენის მობილური კლუბი“, რომელიც სპეციალურად აღჭურვილი ავტობუსის მეშვეობით ღია სივრცეებში ხელს შეუწყობს დაუცველი მოზარდების სწავლებასა და საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესს.
გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად უჭერს მხარს მთავრობას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი „კოვიდ-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოში“ დაეხმარა მთავრობას კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციაში და პანდემიის ზოგადი ზემოქმედების შემცირებაში ისეთი საშუალებებით, როგორიცაა რისკის შესახებ კომუნიკაცია და თემის ჩართულობა, ინფიცირების პრევენციისა რა მართვის ზომები და წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენის სერვისების გაუმჯობესება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობისა და მარაგების უზრუნველყოფა ჯანდაცვის მომსახურების გასაძლიერებლად კოვიდ-19-ის პრევენციისა და მართვის მიზნით, რაც მოიცავს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და ჯანდაცვის ელექტრონულ სერვისებს.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) 2010 წლიდან ახალგაზრდულ თემატიკაზე მუშაობს და აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს სოციალურად დაუცველი სხვადასხვა ჯგუფის ბავშვებისათვის.
USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: USAID არის მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ცვლილებების მომხდენი აქტორი და განვითარების სფეროში მიღწეული შედეგების მამოძრავებელი ძალა. საქართველოსთან პარტნიორობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში USAID მის დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. დღესდღეობით საქართველოში მოქმედი 35-ზე მეტი პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა.