შალვა პაპუაშვილი – სოსო გოგაშვილის საქმეზე: გარემოებები გამოძიებამ უნდა დაადგინოს

“ის ბრალდება, რომელიც სოსო გოგაშვილს წარედგინა, იმის გათვალისწინებით, თუ რა თანამდებობა ეკავა ამ ადამიანს, მძიმეა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარემოებები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„მე არ ვიცნობ მის ქონებრივ მდგომარეობას, არც დავინტერესებულვარ. ასე რომ, ვერაფერს გეტყვით. თუ რაიმე გასარკვევია, გაარკვევენ. ეს არის შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია, რომ ეს ფაქტი გამოიკვლიონ. თავისთავად ის ბრალდება, რომელიც წარედგინა, რა თქმა უნდა, მძიმეა, იმის გათვალისწინებით, თუ რა თანამდებობა ეკავა ამ ადამიანს. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა. ვნახოთ, გარემოებები გამოძიებამ უნდა დაადგინოს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, სუს-ის თანამშრომლებმა სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები