სპეციალიზებული პროკურორებისთვის დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სახელმძღვანელო შემუშავდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალიზებული პროკურორებისთვის ტრენინგი ჩატარდა და სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

ევროპის საბჭოს ექსპერტის ლევან მესხორაძის მიერ სპეციალიზებული პროკურორებისთვის შემუშავებულ სახელმძღვანელოში – „შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების პრინციპები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით” მიმოხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი და ტენდენციები დისკრიმინაციის სხვადასხვა ნიშნებით წარმოებულ საქმეებზე.

სპეციალიზებული პროკურორებისთვის შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების თემაზე გამართულ ტრენინგზე გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სპეციალიზებულ პროკურორებს შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ძირითადი ტენდენციები გააცნეს და სისხლის სამართლის საქმეებში მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულებითი სტანდარტი და სასამართლოში საქმის განხილვის სპეციფიკა მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენდერული დისკრიმინაციის მოტივის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის, ეროვნების, რელიგიის, შშმ და სხვა ნიშნების სპეციფიკას და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების პრაქტიკაში იმპლემენტაციას.

პროკურორთა გადამზადების მიზანია შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაზრდა, დაზარალებულთა ეფექტიანი დაცვა და მხარდაჭერა. საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ეფექტიანად გამოყენება და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით ღონისძიებების განხორციელება. ამ მიმართულებით პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული განვითარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები