ლაშა ჩხიკვაძე: ჩემთვის აბსოლუტურად პასუხგაუცემელია ყველაზე მთავარი შეკითხვა, არის თუ არა სანქცია გამოყენებული მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ
შემიძლია ნაწილობრივ გავიზიარო ელჩის მოსაზრება. მე არსად არ მითქვამს, რომ რაიმე ფორმით საელჩომ ზეგავლენა მოახდინა პირობითად, მიმდინარე საქმეზე, ჩემზე და მათ შორის, მიღებულ გადაწყვეტილებაზე შედეგობრივად, თუმცა, ფაქტი რჩება ფაქტად, – ამის შესახებ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებული განაჩენის გამო მიიღო აშშ-ის საელჩომ ის ცნობილი გადაწყვეტილება, რაც ამერიკაში დაგეგმილი ვიზიტიდან მის ამორიცხვას გულისხმობდა.
„ჩემთვის აბსოლუტურად პასუხგაუცემელია ყველაზე მთავარი შეკითხვა, არის თუ არა სანქცია გამოყენებული მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ. ქალბატონმა ელჩმა განაცხადა, რომ ჩარევისგან მაქსიმალურად შორსაა და ნებისმიერი ფორმით ჩარევა სასამართლოში, თუკი ეს გაჟღერდა, წარმოადგენს მცდარ ინფორმაციას, მე შემიძლია ნაწილობრივ გავიზიარო ელჩის ეს მოსაზრება. მე არსად მითქვამს, რომ რაიმე ფორმით საელჩომ ზეგავლენა მოახდინა პირობითად, მიმდინარე საქმეზე, ჩემზე და მათ შორის, მიღებულ გადაწყვეტილებაზე შედეგობრივად, თუმცა, ფაქტი რჩება ფაქტად, რაც იმას გულისხმობს, რომ მე ვფიქრობ, სწორედ ამ განაჩენის გამო მიიღო საელჩომ ის ცნობილი გადაწყვეტილება, რაც აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტიდან ჩემს ამორიცხვას გულისხმობდა“, – განაცხადა ჩხიკვაძემ.
მოსამართლემ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის შემდეგ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ დეტალურად გაიხსენა.
„შემოთავაზება შეხვედრასთან დაკავშირებით მე განსაკუთრებულ შემთხვევად არ მიმიღია, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღეში სწორედ სხვა კოლეგა-მოსამართლეებთან ერთად მივემგზავრებოდი აშშ-ში. მე ჩავთვალე, რომ ეს იყო აბსოლუტურად მუშა შეხვედრა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა, ვიზიტის დროს არსებულ აქტივობებს, ან სხვა საკითხებს უკავშირდებოდა. ამიტომ ეს ჩემთვის მოულოდნელი არ იყო. შეხვედრა სასამართლოს შენობაში შედგა და მას თარჯიმნის ფუნქციებით ქალბატონი, საელჩოს წარმომადგენელი, ეკა და ბატონი კევინი ესწრებოდნენ“, – განაცხადა ჩხიკვაძემ.
მისივე თქმით, მის მიერ ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ აშშ-ის საელჩომ საკმაოდ კრიტიკული შეფასებები ისე გამოაქვეყნა, რომ არც საელჩოს განაჩენი და დასაბუთება ნანახი არ ექნებოდა.
„ზოგადად, საელჩოს აინტერესებდა, თუ რატომ მივიდა სასამართლო გამამტყუნებელ ვერდიქტამდე და რატომ გამოიყენა საპატიმრო სასჯელი“, – დასძინა მოსამართლემ.