ვლადიმერ ბოჟაძე – ,,კრიტიკული” მედიის ნაწილი აგრძელებს იაფფასიანი იარლიყების მიწებებას, დევნილისა და დაჩაგრულის მანტიის მორგებას, ხშირ შემთხვევაში პროვოკაციების მოწყობასაც არ ერიდებიან,,
საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი, ვლადიმერ ბოჟაძე “პოს ტვ”-ის ეთერში გასულ კადრებს ეხმაურება, სადაც “ტვ პირველის” ოპერატორისა და მოქალაქეების დაპირისპირებაა ასახული. მისი თქმით, ახლა, როცა დეპოლარიზაცია არის ნომერი პირველი ამოცანა, დეპოლარიზაცია, მათ შორის, მედიასა და სამოქალაქო სექტორში, აუცილებელია – რომ ყველა მხარემ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ ამოცანის შესასრულებლად.
„სამწუხაროდ, ,,კრიტიკული” მედიის ნაწილი, ჟურნალისტები, ოპერატორები და დამფუძნებლებიც კი აგრძელებენ იაფფასიანი იარლიყების მიწებებას, დევნილისა და დაჩაგრულის მანტიის მორგებას, ხშირ შემთხვევაში პროვოკაციების მოწყობასაც არ ერიდებიან, რათა ,,დაარწმუნონ” საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები, თითქოს, საქართველოში მედია იდევნება. იქნებ ჯერ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოთ, დაელოდოთ გამოძიების შედეგებს და მერე აკეთოთ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი პოლიტიკური შეფასებები, იქნებ მოიქცეთ სწორედ ისე, როგორც იქცევა მედია ევროკავშირში, იქ – სადაც ყველას ასე ძალიან გვინდა“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.