დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ასოცირებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე მუშაობს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ევროკავშირის დირექტივაზე – აუდიოვიზუალური მედია მომსახურების შესახებ, ბათუმში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს პროექტის – „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განსახილველი თემა იყო – „გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები და მედიის პროფესიული რეგულირება: ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის გამოცდილება”.
შეხვედრის მეორე დღეს დეტალურად განიხილეს თუ რა ვალდებულება აქვს ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით შესასრულებელი, რომელთაგან მედიის პროფესიული რეგულირება ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
სამუშაო შეხვედრაზე სიძულვილის ენასა და უხამსობაზე, მედიის პროფესიული რეგულირების კუთხით ევროპული ქვეყნების მაგალითებსა და ამ მხრივ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტით წარმოდგენილ მოდელზე იმსჯელეს.
“დავასრულეთ სამუშაო შეხვედრები, რომელიც ეხებოდა მსჯელობას, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულების აუდიოვიზუალური მედიასერვისების გაწევის შესახებ ევროსაბჭოს დირექტივის საქართველოს კანონმდებლობაში ჰარმონიზებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ვგეგმავთ საშემოდგომო სესიის ფარგლებში კანონპროექტის ინიცირებას. მნიშვნელოვანი იყო მოგვესმინა ის გამოცდილება, რომელიც ევროკავშირს აქვს ამ მიმართულებით და განგვეხილა, თუ როგორ შეიძლება ამ გამოცდილების ფარგლებში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ჩვენს ქვეყანაში,” – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.
სამუშაო შეხვედრაში კანონმდებლებთან ერთად, მონაწილეობენ ევროპის საბჭოს ექსპერტები ბესარიონ ბოხაშვილი, ტობი მენდელი და ივ სალომონი, ევროკავშირის პროგრამის “შემოქმედებითი ევროპა” საქართველოს დესკის ხელმძღვანელი ქეთევან შენგელია და კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლები.