თეა წულუკიანი – ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე: მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას
ვიცეპრემიერი, თეა წულუკიანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმაურება და, როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ზეწოლისა და ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროება მისასალმებელია.
„სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ ყოვლისა, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან.
ამიტომაც, მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას.
ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის…“, – წერს თეა წულუკიანი.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს – რატომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და, მით უმეტეს, გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.