რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქში ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ცნობით, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, ზაპოროჟიეში, ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმის შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა.
„ერთ-ერთ საწარმოში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. დაშავდა შვიდი ადამიანი, საწარმოს ხელმძღვანელმა თანამშრომლები თავშესაფარში გადაიყვანა, რამაც სავარაუდოდ, მათი სიცოცხლე გადაარჩინა“, – აღნიშნა ტიმოშენკომ.
რუსეთი აღნიშნულ ოლქში სარაკეტო დარტყმებს მას შემდეგ ახორციელებს, რაც უკრაინამ შორი დისტანციის საარტილერიო და სარაკეტო სისტემების გამოყენება გააძლიერა.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვითარება გაცილებით დაიძაბა, რადგან რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ბაზა მთლიანად განადგურდა, ააფეთქეს სარკინიგზო ხიდი, ჯავშანტექნიკა გადავიდა რელსებიდან“, – განაცხადა ოკუპირებული მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა.