შრი-ლანკის პრეზიდენტის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მას შემდეგ, რაც, საპროტესტო აქციების ფონზე, შრი-ლანკის პრეზიდენტი – გოტაბაია რაჯაპაქსა მალდივებზე გაიქცა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.

ამის შესახებ France-Presse პრემიერმინისტრის ოფისზე დაყრდნობით წერს.

მანამდე, გახდა ცნობილი, რომ შრი-ლანკის საჰაერო ძალებმა გოტაბაი რაჯაპაქსას, პირველი ლედის და უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომლის, კატუნაიაკეს საერთაშორისო აეროპორტიდან მალდივის მიმართულებით გაფრენის უზრუნველყოფაში დაეხმარნენ.

“გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება, ქვეყანაში შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა“, – განუცხადა სააგენტოს პრემიერმინისტრის სპიკერმა, დინოკ კოლომბაიმ.

13 ივლისიდან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება რაჯაპაქსამ 11 ივლისს დაწერა.

დღეს მისი განცხადება ოფიციალური გახმოვანებისთვის ქვეყნის პარლამენტის სპიკერს, მაჰინდა იაპა აბეივარდენს გადაეცემა, რომელიც მანამდე პრეზიდენტმა მოსახლეობასა და მედიასთან ურთიერთობაში თავის ერთადერთ წარმომადგენლად დაასახელა.

პრეზიდენტის განცხადების გაჟღერებამდე, მისი და მისი მთავრობის უფლებამოსილება მოქმედად განიხილება.

შრი-ლანკაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, 9 ივლისს ქვეყნის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს.

უსაფრთხოების ძალებმა პრეზიდენტის, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუირება შეძლეს.

არეულობის დროს, სულ მცირე, 100 ადამიანი დაშავდა, მათ შორის – პოლიციელები და ჟურნალისტები.

ქვეყნის პარტიების ლიდერებმა საგანგებო სხდომის დროს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს გადადგომისკენ მოუწოდეს; ასევე, მათი განცხადებით, ქვეყნის დროებით პრეზიდენტად პარლამენტის თავმჯდომარე იყოს დანიშნული; 30 დღის განმავლობაში მოხდეს პარლამენტის წევრებიდან მთავრობის მეთაურის არჩევა; დაინიშნოს დროებითი მრავალპარტიული მთავრობა და უახლოეს დროში ვადამდელი არჩევნები.

მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი 13 ივლისს გადადგება, ხოლო პრემიერმინისტრი, რანილ ვიკრემესინგე მხოლოდ ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ დატოვებს პოსტს.

შრი-ლანკა, 1948 წლის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის.

ტურიზმის სექტორი პანდემიამ დააზარალა, რის გამოც ქვეყანას საკმარისი საწვავის შეძენა არ შეუძლია.

გარდა ამისა, ქვეყანაში საკვების, პირველადი მოხმარების ნივთების, მედიკამენტებისა და გაზის დეფიციტია.

შრი-ლანკის ბევრ რაიონს, საწვავის დეფიციტის გამო, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.

ამავდროულად, ქვეყნის საგარეო ვალი 51 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები