თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და გაერო 13 ივლისს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე სტამბოლში შეხვედრას გამართავენ
უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის სამხედრო დელეგაციები 13 ივლისს, სტამბოლში გაეროს ოფიციალურ პირებს შეხვდებიან.
Reuters-ის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეები გლობალური სასურსათო კრიზისის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, შავი ზღვის მთავარი პორტიდან, ოდესიდან უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტირების საკითხს განიხილავენ.
თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის განცხადებით, თურქეთი მუშაობს გაეროსთან, რათა ხელი შეუწყოს შეთანხმებას მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მარცვლეულის, კულინარიული ზეთების, საწვავისა და სასუქების გლობალური ფასების ზრდა გამოიწვია.
დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, განსახილველი გეგმა ითვალისწინებს იმას, რომ უკრაინული გემები მარცვლეულს გაიტანენ დანაღმული პორტებიდან; რუსეთი ეთანხმება ზავს ტვირთების გადაზიდვის პერიოდში; თურქეთი, გაეროს მხარდაჭერით, შეამოწმებს გემებს იარაღის კონტრაბანდის შესახებ რუსეთის შიშების გასაფანტად.
„ჩვენ ნამდვილად ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ კიდევ არის გასავლელი გზა. ბევრი საუბრობს ამაზე. ჩვენ გვირჩევნია ვცადოთ და გავაკეთოთ ეს“, – განუცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ჟურნალისტებს.