კიევში კონგრესმენ ვიქტორია სპარცს უპასუხეს, რომელიც ზელენსკის ოფისის ხელძღვანელის გადადგომას ითხოვს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ კონგრესმენი, ვიქტორია სპარცი სპეკულაციებით პოლიტიკური კაპიტალის მოგროვებას ცდილობს.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ძნელია, გადაჭარბებული იყოს პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური დახმარება, რომელიც კონგრესმა და ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩვენს ქვეყანას ოთხთვიანი სრულმასშტაბიანი ომის დროს გაუწიეს. ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ფონზე, განსაკუთრებული კონტრასტია აშშ-ის კონგრესმენის, ვიქტორია სპარცის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები. ეს არის ამერიკულ პოლიტიკაში კლასიკური რუსული პროპაგანდისტული ნარატივების დაბრუნების დაუფარავი მცდელობა, რომ თითქოს უკრაინის ხელმძღვანელობასა და რუსეთს შორის რაღაც კავშირები არსებობს. ჩვენ ვურჩევთ ქალბატონ სპარცს, ჩვენს ქვეყანაში ომის თემაზე უსაფუძვლო სპეკულაციებით დამატებითი პოლიტიკური კაპიტალის მოპოვების მცდელობა შეწყვიტოს. განსაკუთრებით ცინიკურია ასეთი მანიპულაციები უკრაინული წარმოშობის კონგრესმენის მხრიდან“, – წერს ოლეგ ნიკოლენკო.
ამერიკელმა კონგრესმენმა, ვიქტორია სპარცმა საკუთარ ვებგვერდზე დოკუმენტი გამოაქვეყნა, სახელწოდებით: „კიევმა უკეთესად უნდა დაუჭიროს მხარი საკუთარ გმირულ არმიას, ერმაკი კი თანამდებობიდან უნდა გადადგეს“.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, ვიქტორია სპარცი თეთრი სახლის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან დაკავშირებით დახურული ბრიფინგის გამართვას ითხოვს. სპარცი ერმაკს რუსეთთან შესაძლო კავშირში ადანაშაულებს. გარდა ამისა, კონგრესმენი ამბობს, რომ უკრაინის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, ოლეგ ტატაროვი უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ანელებს.
ვიქტორია სპარცი მოთხოვნის არგუმენტირებისას ამბობს, რომ 24 თებერვლიდან ექვსჯერ იყო უკრაინაში და ეწვია ბევრ ქალაქს და ეკონტაქტებოდა, მათ შორის, უკრაინელ სამხედროებს და შეიტყო, რომ „საკუთარი სამხედროების აღიარებისა და მათი მხარდასაჭერად ქვეყნის ყველა ძალის მიმართვის ნაცვლად, კიევი, ანდრეი ერმაკის მეთაურობით, პოლიტიკას თამაშობს“.
მისი თქმით, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ უკრაინის ხელისუფლებას „აქვს ფული უმნიშვნელო ინფრასტრუქტურის აღსადგენად, მაგრამ არ გააჩნია სახსრები სამხედროების მხარდასაჭერად, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან მებრძოლებისთვის დაპირებული საცხოვრებელი ფართია“.
“ამერიკასა და ევროპაში უკვე დიდი ხანია, ბევრს სერიოზულად აწუხებს ერმაკის საკითხი. ის სახელმწიფო მოხელე მსგავსად რომ იქცეოდეს, ზამთარში გადადგებოდა თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც არწმუნებდა უკრაინის ხელმძღვანელობას, რომ რუსული თავდასხმა არ მოხდებოდა – რამაც მისი მზადყოფნა შეამცირა. მაგრამ არასდროს არის გვიან სწორი საქმის გაკეთება“, – დაწერა სპარცმა.