პროკურატურა: „მთავარისა“ და „ფორმულას“ მიერ ირაკლი შოთაძისა და უწყების სხვა პროკურორების ოჯახების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ცრუ და განზრახ დამახინჯებულია

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანიების – „მთავარის” და „ფორმულას” მიერ გავრცელებულ ცრუ და განზრახ დამახინჯებულ ინფორმაციას გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის და უწყების სხვა პროკურორების ოჯახების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ”,- ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“სამწუხაროდ დეზინფორმაციის გავრცელება დღევანდელ რეალობაში, ზოგიერთი მედიასაშუალების ჩვეულ საქმიანობად იქცა და მათი მიზანი ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოების გამართული საქმიანობისთვის ხელის შეშლა, კონკრეტული თანამდებობის პირების დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომავალშიც მოვახდენთ პროაქტიულად საზოგადოების ინფორმირებას. სამწუხაროა, თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მედიასაშუალებები მსგავსი ცრუ და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისას უხეშად არღვევენ ჟურნალისტურ სტანდარტებს და ეთიკის ნორმებს, რისი ნათელი მაგალითიც გუშინ გასული სიუჟეტებია. პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას, რომ ტელეკომპანია „მთავარი” მათ მიერ მომზადებულ ე.წ. „სიუჟეტ”-თან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს საერთოდ არ დაკავშირებია, არ უცდია ინფორმაციის გადამოწმება და უწყებისთვის არც ერთი კითხვით არ მოუმართავს. რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულა”-ს, ტელევიზია რეპორტაჟის მომზადებამდე დაუკავშირდა პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს და ყველა დასმულ კითხვაზე მათ წერილობით მიეწოდათ ამომწურავი პასუხები. ასევე განემარტათ, რომ ინფორმაცია მათთვის საინტერესო პირებზე დეტალურად ასახულია თანამდებობის პირის საჯარო დეკლარაციაში და ეხელმძღვანელათ ამ ინფორმაციით. მიუხედავად ამისა, სიუჟეტის ავტორებმა არ გამოიყენეს თანამდებობის პირთა დეკლარაციებში არსებული საჯარო ინფორმაციები და რეპორტაჟში არ გააჟღერეს მათ კითხვებზე პროკურატურიდან მიღებული ვრცელი პასუხები, უწყების განმარტებები და შემოიფარგლნენ მხოლოდ ერთი ზოგადი ფრაზით, მაშინ როდესაც ჟურნალისტური სტანდარტებით, მათ სრულად უნდა გაეჟღერებინათ პროკურატურიდან მიღებული პასუხები. ცხადია, რომ ხსენებული ტელეკომპანიების მიერ სიუჟეტების მომზადების ფორმა და მათში გაჟღერებული ყალბი ინფორმაციის სიმრავლე, ცალსახად უსვამს ხაზს მათ არაობიექტურობას და ინფორმაციის ცალმხრივად გაშუქების სურვილს. აღნიშნული დეზინფორმაციის ავტორების მიზანი საზოგადოებაში პროკურორებზე უარყოფითი განწყობის შექმნა, მათი იმიჯის შელახვა და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციაა. აღნიშნულ სიუჟეტებში წარმოდგენილი არასწორი და დამახინჯებული ფაქტების სიმრავლის გამო, საჭიროდ მიგვაჩნია პასუხი გავცეთ ცილისწამებას. ტელეკომპანია „მთავარი”-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტი იწყება საქართველოს გენერალური პროკურორის საცხოვრებელი ბინის ე.წ. რეზიდენციად მოხსენიებით. აღნიშნული უძრავი ქონება თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში მდებარე 150 კვ.მ. საცხოვრებელი ბინაა, რომლის შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მითითებული ირაკლი შოთაძის მიერ სხვადასხვა წლებში შევსებულ თანამდებობის პირის საჯარო დეკლარაციებში. აღნიშნული ბინა გენერალურ პროკურორს 2016 წელს კრედიტით და ასევე, სხვა ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით აქვს შეძენილი და ამჟამადაც იგი დატვირთულია იპოთეკით წავკისში მიწის ნაკვეთის შეძენის სანაცვლოდ. ასევე, „მთავარი”-ს სიუჟეტში უკვე მეორედ ამავე ტელევიზიის მიერ მოხდა ტირაჟირება ყალბი ინფორმაციის, რომ თითქოსდა ხსენებული ბინის რემონტი ირაკლი შოთაძეს 1 მილიონი ლარი დაუჯდა, რაც არის მტკნარი სიცრუე და რომლის თაობაზეც მათ ჯერ კიდევ 2021 წლის 16 მაისს უწყებამ საჯაროდ უპასუხა (https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-generaluri-prokuroris-irakli-shoTaZis-gancxadeba). კერძოდ, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც ირაკლი შოთაძე დღესაც ცხოვრობს, რემონტი ჩატარებულია 2016-2017 წლებში და რემონტის ღირებულება გენერალურ პროკურორს მითითებული აქვს ასევე დეკლარაციებში. მაშინდელ სიუჟეტში აღნიშნულმა ტელევიზიამ ისიც კი იკადრა, რომ სრულიად სხვა ადამიანის განსხვავებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი ბინის სურათები უჩვენა საზოგადოებას, ვითომდა იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული ბინის რემონტში დახარჯული იყო ძალიან დიდი თანხა. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ტელევიზიამ გაიგო, რომ სრულიად სხვა ბინაზე საუბრობდნენ მაშინ, გუშინდელ სიუჟეტში კიდევ ერთხელ გაიმეორა ეს ცრუ ინფორმაცია. შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ჟურნალისტური სტანდარტების და ეთიკის დარღვევის უხეშ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში, რაც კიდევ უფრო მეტად ხაზს უსვამს აღნიშნული სიუჟეტის სუბიექტურობას და დეზინფორმაციის გავრცელების სურვილს. რაც შეეხება მიწის ნაკვეთს წავკისში, რომლის შესახებაც ასევე საუბარი იყო „მთავარი”-ს და “ფორმულა”-ს სიუჟეტებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენის თაობაზეც ირაკლი შოთაძეს დეკლარაციაში საკმაოდ დეტალური ინფორმაცია აქვს მითითებული, საიდანაც ცხადად ჩანს, რომ 1305 კვ.მ. ნაკვეთი მას შეძენილი აქვს ძირითადად ბანკიდან აღებული მრავალწლიანი იპოთეკური კრედიტით. ხსენებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და მისი ფინანსური უზრუნველყოფა ხდება ირაკლი შოთაძის დეკლარაციაშივე ასახული დიდ დიღომში, ქოშიგორაზე მდებარე მიწის ნაკვეთის გაყიდვიდან შემოსული თანხით, რომელიც მას შეძენილი ჰქონდა ჯერ კიდევ 2011 წელს. ასევე, ტელეკომპანია “მთავარი”-ს მიერ გავრცელებული მორიგი სიცრუეა, რომ თითქოს ირაკლი შოთაძის ოჯახის ყოველწლიური შემოსავალი უფრო ნაკლებია, ვიდრე გასავალი. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მოქალაქეს შეუძლია გადამოწმება. გენერალური პროკურორის მიერ შევსებულ საჯარო მოხელის დეკლარაციაში ყველაფერი ნათლად არის მითითებული და ჩანს ყველა ხარჯი და შემოსავალი, რომელიც სრულად არის ასახული და დასაბუთებული. 2019 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ შეისწავლა ირაკლი შოთაძის 2018 წლის დეკლარაცია და შემოწმების შედეგებით დადგინდა, რომ დეკლარაცია იყო სრულყოფილი და დასაბუთებული. „როგორ ვიყიდოთ დაახლოებით 120 000 დოლარის უძრავი ქონება, როცა ჩვენი შემოსავალი მხოლოდ 2000 ლარია” – ამ მორიგი ტყუილით იწყება ტელეკომპანია „ფორმულა”-ს არაერთი სიცრუით გაჯერებული სიუჟეტი ირაკლი შოთაძის, ჯარჯი წიკლაურის და რევაზ ბაღაშვილის უძრავ ქონებებთან დაკავშირებით. ირაკლი შოთაძის ქონებრივ დეკლარაციაში ცხადად არის მითითებული, რომ გენერალური პროკურორის ხელფასი არ შეადგენს 2000 ლარს და ისიც, რომ წავკისში მიწის ნაკვეთი მრავალწლიანი იპოთეკური სესხით არის შეძენილი. ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნათლად ჩანს გენერალური პროკურორის და მისი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა, შემოსავალი და გასავალი. „ფორმულა”-ს სიუჟეტის შემქმნელებიც არ შემოიფარგლნენ მხოლოდ ზეპირი ტყუილებით და ამ შემთხვევაშიც თავის სიუჟეტში აჩვენეს მეზობლად, სხვა ადამიანის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დამტკიცებული არქიტექტურული პროექტის ფოტოები (რენდერები) და წარმოაჩინეს ისე, თითქოს ირაკლი შოთაძე ხსენებული პროექტის მიხედვით აშენებს სახლს. რეალურად, ხსენებული ე.წ. პროექტის რენდერები გენერალურ პროკურორს არ ეკუთვნის და მდებარეობს სხვა მისამართზე. ასევე, ,,ფორმულა”-ს სიუჟეტში საუბარი იყო იმის შესახებ, თითქოსდა ე.წ. პროკურორების კორპუსში საცხოვრებელ ბინებს მხოლოდ გახმაურებული საქმის პროკურორები ფლობენ და ეს პროკურორებისთვის გაწეული სამსახურისთვის მიღებული პირადი გასამრჯელოა, რაც არის სიცრუე და დეზინფორმაცია. აღნიშნული საცხოვრებელი ბინა, რევაზ ბაღაშვილს და ჯარჯი წიკლაურს შეძენილი აქვთ იპოთეკური სესხით, რომელიც იფარებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ასევე, ამავე სიუჟეტში დამახინჯებულად არის წარმოდგენილი ინფორმაცია, თითქოსდა რევაზ ბაღაშვილი ფლობს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში. სინამდვილეში, რევაზ ბაღაშვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 200 კვ.მ და შეძენილია 2015 წელს, დაახლოებით 3700 აშშ დოლარად და ამის თაობაზე ნათლად არის ინფორმაცია მითითებული რევაზ ბაღაშვილის საჯარო პირის ქონებრივ დეკლარაციაში. ამასთან, მორიგი სიცრუეა “მთავარი არხი”-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია თითქოს ჯარჯი წიკლაური ფლობს “რეზიდენციებს” შინდისში და თითქოს მას მეუღლის სახელზე აქვს გაფორმებული სასტუმრო კომპლექსი დაბა გუდაურში. სინამდვილეში ჯარჯი წიკლაურის მეუღლეს საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი ბინა 150კვ.მ. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში დაბა გუდაურში. რაც შეეხება შინდისის რეზიდენციას, აღნიშნული ინფორმაცია სრულად გამოგონილია, ვინაიდან ჯარჯი წიკლაური საკუთრებაში ფლობს მხოლოდ მიწის ნაკვეთს 700კვ.მ-ს და არანაირი რეზიდენცია არ არსებობს. აღნიშნულის გადამოწმება მარტივად შეეძლო სიუჟეტის ავტორს, თუმცა ცხადია რომ მიზანი გამოგონილი და ცრუ ინფორმაციის გავრცელება იყო, კონკრეტული პროკურორების დისკრედიტაციის მიზნით. ამას გარდა, ტელეკომპანია „ფორმულა”-ს სიუჟეტში ნახსენებია თამარ აღლემაშვილი, როგორც კაბელების საქმის პროკურორი. სინამდვილეში ე.წ. კაბელების საქმის პროკურორი თამარ აღლემაშვილი არ ყოფილა და შესაბამისად ბინა გასამრჯელოდ, საჩუქრად არ მიუღია. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულა”-ს ყველა მათ მიერ დასმულ კითხვაზე წერილობით გაეცა ამომწურავი პასუხი, რაც არ გამოუყენებიათ მომზადებულ რეპორტაჟში. მათ რომ ობიექტური სიუჟეტის მომზადების სურვილი ჰქონოდათ, უწყების მიერ მიწოდებული პასუხებით ამის სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა სამწუხაროდ, ცხადია, მათ სრულიად სხვა მიზნები ამოძრავებთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურაზე ცილისმწამებლური თავდასხმა და სიცრუის ტირაჟირება არ არის ახალი და როგორც წესი, პროკურატურის თანამშრომლების მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ ხასიათს ატარებს, ძირითადად ისეთი სისხლის სამართლის საქმეების მსვლელობის პარალელურად, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში მყოფი პირების დანაშაულებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს. ნათელია, რომ პროკურორების მიმართ დაწყებული მორიგი ცრუ პიარკამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის უსუსურ მცდელობას. ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული კამპანიის ავტორები ცდილობენ, პროკურატურის და კონკრეტული პროკურორების საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას და ამასთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მსგავსი სიყალბეებით და დეზინფორმაციებით ვერავინ მიაღწევს მიზანს; საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას და თითოეული პროკურორის საქმიანობა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა სრულად იქნება დაცული საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში. მოვუწოდებთ, აღნიშნული და მსგავსი დეზინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან. საზოგადოების ობიექტურად ინფორმირების მიზნით, თითოეული მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელებას შესაბამისი პასუხი გაეცემა, მათ შორის, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფის მოთხოვნით სამოქალაქო წესით სასამართლოსადმი მიმართვის გზით”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები