თეა წულუკიანი – კალათბურთის ნაკრების გამარჯვებაზე: ეს იყო საოცრება, რითაც თბილისში სრულიად ახალი, ქართული სპორტის სასახლე გაიხსნა

ახალ სპორტის სასახლეში პირველი საკალათბურთო მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

4 ივნისს, 19:00-ზე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილეები – სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ვიქტორ სანიკიძე, მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

მატჩი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, თუმცა, საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებთან ანგარიშით 82-76 დამარცხდა.

“საინტერესო, ძალიან დაძაბული, ემოციური და ლამაზი მატჩი იყო. ეს იყო საოცრება, რითაც თბილისში სრულიად ახალი ქართული სპორტის სასახლე გაიხსნა. მინდა ჩვენს ერს და ყველას გისურვოთ უფრო დიდი გამარჯვებები,” – განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

თბილისის ახალი სპორტის სასახლე მიმდინარე წლის 11 ივნისს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად გახსნა.

სპორტის სასახლე 25 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა და ის 10 000 მაყურებელზეა გათვლილი. შენობა აშენებულია თანამედროვე სტანდარტებით და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. მის მშენებლობაზე 90 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ახალი სპორტის სასახლე 1-7 სექტემბერს გასამართ ,,ევრობასკეტ-2022-ის” ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები