სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის განცხადება: ჩვენი სურვილი და მიზანია, საქართველომ განაგრძოს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ
ჩვენი სურვილი და მიზანია, საქართველომ განაგრძოს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ. სწორედ ამიტომ, დავიცავთ ქვეყნის და საკუთარ ღირსებას ყოველთვის, როდესაც მას ვინმე შეეხება, – ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.
მათი განცხადებით, უსამართლობაზე პასუხის გაცემა სწორედ რომ სტრატეგიული პარტნიორის, ევროპისა და საქართველოს ევროპული გზის დაცვას ნიშნავს.
“ბაკურიანის შეკრების მონაწილეები ცდილობენ, დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ ჩვენი პასუხები ანტიდასავლურ რიტორიკად მონათლონ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გვინდა, ცხადად და მკაფიოდ განვმარტოთ შემდეგი – ჩვენი სურვილი და მიზანია, საქართველომ განაგრძოს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ. სწორედ ამიტომ, დავიცავთ ქვეყნის და საკუთარ ღირსებას ყოველთვის, როდესაც მას ვინმე შეეხება. შეურაცხყოფაზე პასუხი არის არა დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა, არამედ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნისა და მისი ღირსების წინაშე. როდესაც ევროპელი იქცევა არაევროპულად, ის სწორედ თავად აზიანებს ევროპას და მის ინტერესებს. შესაბამისად, უსამართლობაზე პასუხის გაცემა ჩვენთვის სწორედ რომ სტრატეგიული პარტნიორის, ევროპისა და საქართველოს ევროპული გზის დაცვას ნიშნავს”, – აღნიშნულია განცხადებაში