სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი: რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან? – ან უნდათ, რომ მისი ნების წინააღმდეგ დააბრუნონ პოლიტიკაში, რათა რუსეთისთვის სანქციები დააწესებინონ, ან უნდათ, მას ამგვარი მითითებები გუნდის ლიდერებისთვის მიაცემინონ
რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან? ეს კაცი პოლიტიკაში არ ერევა და რომც ერეოდეს, ვერავინ ამბობს, თეორიულად, ამით რას შეიძლება, აფუჭებდეს – რჩება ერთადერთი ლოგიკური ინტერესი ორი ვარიაციით, რაც ამ ძალებს ივანიშვილის მიმართ შეიძლება, ამოძრავებდეს: ან უნდათ, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ დააბრუნონ პოლიტიკაში, რათა რუსეთისთვის სანქციები დააწესებინონ და საქართველო მეორე ფრონტად აქციონ, ან უნდათ, მას ამგვარი მითითებები გუნდის ლიდერებისთვის მიაცემინონ , – ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.
“როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო, ივანიშვილის წინააღმდეგ არაფორმალური სანქციები კი, როგორც მისივე ადვოკატმა განაცხადდა, 4 მარტიდან ამოქმედდა. შვეიცარიული ბანკი გაუგონარ რამეს აკეთებს და ივანიშვილს კუთვნილ თანხას თვეების მანძილზე არ ურიცხავს. დიდი მიამიტობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ბანკი საკუთარ რეპუტაციას ამგვარ გამოუსწორებელ ზიანს პოლიტიკური წნეხის გარეშე აკეთებს.
ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, კანდიდატის სტატუსით ხორციელდება ზეწოლა მთავრობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, არაფორმალური სანქციით – ბიძინა ივანიშვილზე.
ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გაოფიციალურებას ეს ძალები ევროპარლამენტის რეზოლუციით შეეცადნენ. თუმცა, საზოგადოების რეაქცია რომ დაინახეს, მიხვდნენ, რომ ოფიციალური სანქციები კონტრპროდუქტიული იქნებოდა და უკან დაიხიეს. სხვა შემთხვევაში, ვინც 308 ევროპარლამენტარის კოორდინაცია მოახერხა, იმას არც ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დოკუმენტებზე გავლენის მოხდენა არ გაუჭირდებოდა.
ისმის მარტივი შეკითხვა – რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან? ეს კაცი პოლიტიკაში არ ერევა და რომც ერეოდეს, ვერავინ ამბობს, თეორიულად, ამით რას შეიძლება აფუჭებდეს. ივანიშვილი რომ არაფერს აფუჭებს, სინამდვილეში, ეს მათაც ძალიან კარგად იციან.
რჩება ერთადერთი ლოგიკური ინტერესი ორი ვარიაციით, რაც ამ ძალებს ივანიშვილის მიმართ შეიძლება ამოძრავებდეს: ან უნდათ, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ დააბრუნონ პოლიტიკაში, რათა რუსეთისთვის სანქციები დააწესებინონ და საქართველო მეორე ფრონტად აქციონ, ან უნდათ, მას ამგვარი მითითებები გუნდის ლიდერებისთვის მიაცემინონ.
ყველამ იცის, რომ მთელი გუნდი და მისი ლიდერები ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ივანიშვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, არამედ გამორჩეული ქველმოქმედიცაა და გარდა ამისა, მან 2012 წელს ქვეყნის ინტერესებისთვის თავი გადადო და სახელმწიფოს მართვის სადავეებს დანაშაულებრივი რეჟიმი ჩამოაცილა. სწორედ ამიტომ, ის ინარჩუნებს განსაკუთრებულ მხარდაჭერას და პატივისცემას როგორც საზოგადოების, ისე გუნდის მხრიდან. შესაბამისად, ცხადია, მას აქვს რესურსი, ნების შემთხვევაში, პოლიტიკაში დაბრუნდეს ან გუნდის გადაწყვეტილებებზე არსებითი გავლენა მოახდინოს.
გარკვეული ძალები ხედავენ, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე და მთელი გუნდი ჯიუტად იცავენ პოზიციებს და არც სანქციებს და არც ომს არ თანხმდებიან. ასეთ დროს, ივანიშვილია ერთადერთი, ვისაც მათი გადარწმუნება და პროცესების სხვა მიმართულებით წარმართვა შეუძლია.
ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების წარმომადგენლებს მსგავსი საუბარი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაც ექნებოდათ. ამ თემაზე მინიშნებები ივანიშვილის ადვოკატმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ არაფორმალური სანქციების მიზეზის ახსნა ივანიშვილს შეუძლია და ამ თემაზე მას სამომავლოდ რაღაც აქვს სათქმელი. ჩვენც დაველოდებით ბიძინა ივანიშვილის განმარტებებს და მანამდე, ამ თემაზე დამატებით ინტერპრეტაციებს მოვერიდებით.
როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ორი დღის წინ აღნიშნა, არაოფიციალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კვლავაც ძალაშია და მას საკუთარ თანხებზე წვდომას ბანკი დღემდე არ აძლევს.
წარმოგვიდგენია, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც, ერთდროულად ევროპული სტრუქტურებისა და შვეიცარიული ბანკის კოორდინაციას ახერხებენ. თუმცა, დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.