ვიქტორ დოლიძე: ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ნარჩუნდება, როგორც ასპირანტ ქვეყნებთან, ასევე – საქართველოსთან დაკავშირებით

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, მათ შორის, ალიანსის წარმომადგენლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატო-ში, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მადრიდის სამიტზე მიღებულ ყველა დოკუმენტში ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ნარჩუნდება როგორც ასპირანტ ქვეყნებთან, ასევე, საქართველოსთან მიმართებით.

“სამივე ძირითად დოკუმენტში, რომლებიც შეეხება დეკლარაციას სახელმწიფო მეთაურთა დონეზე, ისევე – როგორც გაძლიერებულ დახმარებას საქართველოსთან მიმართებით და ბოლოს, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანს, ყველაზე გრძელვადიან დოკუმენტს, ნატო-ს ახალი, ადაპტირებული სტრატეგიული კონცეფციის თაობაზე, ყველგან ერთმნიშვნელოვნად არის გაწერილი, რომ ღია კარის პოლიტიკა ნარჩუნდება, მათ შორის, ასპირანტ ქვეყნებთან და, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით, ისევე – როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, მათ შორის, ალიანსის წარმომადგენლებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

კმაყოფილები ვართ, რაც დავისახეთ მიზნად და ბოლო წლების განმავლობაში ვიმუშავეთ ამ მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ შედეგი დევს, მაგრამ ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი მიზანი არის გაწევრიანება, სრულფასოვანი წევრობა, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები