“რუსმა ხალხმა სიმართლე უნდა დაინახოს” – ოკუპანტების მიერ კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ოკუპანტების მიერ პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, სულ მცირე, 50 დაშავებულია. სარაკეტო იერიშის დროს შენობაში ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.
ამის შესახებ პოლტავას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლუნინმა დაწერა.
მომხდარს G7-ის ლიდერები გამოეხმაურნენ.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში დაწერა, “სავაჭრო ცენტრში მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის თავდასხმა არის სისასტიკე. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. როგორც დიდი შვიდეულის სამიტმა აჩვენა, შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მსგავსი სისასტიკისთვის და მხარს დაუჭერს უკრაინის თავდაცვას”.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კი წერს, რომ რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის ხელმძღვანელობის ქმედების შესახებ სიმართლე უნდა იცოდნენ.
„რუსეთის მიერ კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრის დაბომბვა აბსოლუტური საშინელებაა. ვიზიარებთ დაღუპულთა ოჯახების ტკივილს. რუსმა ხალხმა სიმართლე უნდა დაინახოს“, – დაწერა მაკრონმა.
სავაჭრო ცენტრის დაბომბვასთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს.