საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერიდან 8 წელი გავიდა. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.
მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმებამ საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანა.
“საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმებას 8 წლის წინ მოაწერეს ხელი. ასოცირების შეთანხმება წარმატებული აღმოჩნდა ევროპეიზაციის პოტენციალის გამოვლენაში, მან საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანა და საქართველოს საშუალება მისცა, ევროპულ სახელმწიფოდ გადაქცეულიყო”, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, „ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა და 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან დროებით ამოქმედდა. ხოლო 2016 წლის 1-ელ ივლისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მისი 431-ე მუხლის თანახმად, ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე.