ევროკავშირში გაწევრიანების გზა რთული და გრძელია. ამავდროულად, ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავიაროთ იგი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. თქვენი გამოცდილება და პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ილია დარჩიაშვილი ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
მინისტრის თქმით, გაწევრიანების პერსპექტივის აღიარებით, საქართველომ მიიღო გარანტირებული დაპირება, რომ ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.
„ეს გახლავთ წლების მანძილზე მიღწეული პროგრესის, ასევე, იმ განსაკუთრებული ურთიერთობებისა და ინტეგრაციის მაღალი დონის აღიარება, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ილია დარჩიაშვილმა საქართველოს მოსახლეობის ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის მან ევროკავშირის ლიდერებს მადლობა გადაუხადა და ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას, მათ შორის, შესაბამისი რეფორმების განხორციელების კუთხით.
„საქართველო აუცილებლად მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით და ამჯერადაც, როგორც მრავალგზის, დაამტკიცებს, რომ საქართველო უკვე დღეს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2022 წლის 24 ივნისს საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი – პიტერ სიიარტო ეწვია. უნგრელ კოლეგას ილია დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.