ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ განაგრძობს მუშაობას, რათა სათანადო ვადებში მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი
ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისა და ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, ამით გადაიდგა მეოთხე, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც მოგეხსენებათ, ოთხივე შედეგს ქვეყანამ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მუშაობას, რათა სათანადო ვადებში მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
“მინდა პარტიის – „ქართული ოცნების“ სახელით გამოვეხმაურო ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა ოფიციალურად აღიარა.
ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისა და ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, ამით გადაიდგა მეოთხე, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც მოგეხსენებათ, ოთხივე შედეგს ქვეყანამ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია. ასეთივე თანმიმდევრულობით, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მუშაობას, რათა სათანადო ვადებში მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
მადლობას გადავუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ამ გადაწყვეტილებისთვის და მხარდამჭერი სიტყვებისთვის ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
როგორც მოგეხსენებათ, შარლ მიშელმა გუშინდელ დღეს უწოდა ისტორიული მომენტი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში. მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მან ქართველ ხალს საბჭოს გადაწყვეტილება მიულოცა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პერსონალურადაც მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გააძლიერებს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს.
ყველას გვესმის, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ მთლიანად პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მიიღო. როგორც ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, გადაწყვეტილების განმსაზღვრელი, უპირველეს ყოვლისა, ომისა და ომთან დაკავშირებული უსაფრთხოების ფაქტორი გახდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. თუმცა, როგორც ომის მდგომარეობაში მყოფ უკრაინას, ისე სამხედრო კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე მოლდოვას ესაჭიროებოდათ განსაკუთრებული სოლიდარობის გამოხატვა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შესაბამისად იმოქმედა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ უკრაინასა და მოლდოვას, ევროპული პერსპექტივის აღიარებასთან ერთად, კანდიდატის სტატუსის წინსწრებით მიღებას”, – განაცხადა კობახიძემ.