სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების საფუძვლების ჩამონათვალი გაფართოვდება პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და 81 ხმით დაუჭირა მხარი
„იურიდიული დახმარების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების საფუძვლების ჩამონათვალი გაფართოვდება.
კანონპროექტით სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაზარალებულის უფასო იურიდიული დახმარების უფლებით სარგებლობასთან, ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის დაზარალებულის პროცესუალური სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის დადგენასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება.
კანონპროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე, გადახდისუუნარო დაზარალებულს ექნება უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც გულისხმობს როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, ისე სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის დაცვას სახელმწიფოს ხარჯზე.
მომხსენებლის, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ანალოგიური უფლება მიენიჭება იმ დაზარალებულსაც, რომელიც კანონის მიხედვით არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, თუმცა მის მიმართ სახეზე იქნება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გარემოება: • წინა 12 თვის განმავლობაში მისი, როგორც ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6 000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ცნობის გაცემის მომენტისთვის არსებული თანხის ოდენობა არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს.
სხვადასხვა კომერციულ ბანკში ან ერთ ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობისას, კანონპროექტით განსაზღვრული თანხის ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება ამ ანგარიშებზე არსებული თანხის ჯამური ოდენობა; • პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დასტურდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.