დავით მათიკაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს, კაირატ ოსმონალიევს შეხვდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი – დავით მათიკაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს, კაირატ ოსმონალიევს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
„სტუმარს გავაცანით ის მიღწევები, რომლებიც ეკონომიკაში გვაქვს. ყირგიზეთის მხარე დაინტერესდა ჩვენი წარმატებებით ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ტურიზმის სფეროს როლით ეკონომიკურ განვითარებაში. წარმოდგენილ იქნა შესაბამისი იდეა, რომ შედგეს ეკონომიკური ფორუმი, სადაც მოხდება ურთიერთსასარგებლო ინფორმაციის გაცვლა”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით მათიკაშვილმა.
შეხვედრას ქართული მხრიდან, ასევე, ესწრებოდა ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი – ლევან მგალობლიშვილი.