გია ვოლსკი: ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, დღევანდელი აქცია საფუძველს არ მაძლევს, რომ ამ მიმართულებით წარმატებაზე ვილაპარაკოთ
ევროკომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო იმ საგანგებო ვითარების გამო, რომელიც შექმნილია უკრაინის მიმართ განხორციელებული გაუგონარი აგრესიის ფონზე, მაგრამ საუბარი, რომ უკრაინის უბედურების ფონზე გაიხსნა ფანჯარა და არიქა, ამ ფანჯარაში უნდა შევიდეთ ისე, რომ პოლიტიკური ცხოვრება არ იყოს ნორმალურ ჩარჩოში ჩასმული, რასაკვირველია, ეს ადამიანების შეცდომაში შემყვანია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია გარკვეულ საკითხებზე, ხოლო დღევანდელი აქცია და მისი შინაარსი იმის საფუძველს არ იძლევა, რომ ამ მიმართულებით წარმატებაზე ვილაპარაკოთ.
„ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია გარკვეულ საკითხებზე. დღევანდელი აქცია და მისი შინაარსი არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ ამ მიმართულებით წარმატებაზე ვილაპარაკოთ. განცხადება, რომ პირობები არ შესრულდება, დეოლიგარქიზაცია მათთვის მიუღებელია, არის თაღლითური განცხადებები იმის გასამართლებლად, თუ რატომაა პოლიტიკური ნიშნით და ჩამოყალიბებული პოზიციით დაგეგმილი ეს აქცია, რაც, მათი მიზნით, დესტაბილიზაციაში უნდა გადაიზარდოს.
რასაკვირველია, აქციაზე ბევრი ადამიანი მივა, ვინც ასე არ ფიქრობს და გულწრფელი დამოკიდებულება აქვს, რათა ევროპას საზოგადოების ერთიანობა დაანახოს, მაგრამ გამოკითხვაც იმავეს აჩვენებს, საზოგადოების 85 პროცენტი სწრაფი განვითარების მომხრეა. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ 85 პროცენტიდან უმეტესობა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ეკუთვნის. თაღლითობა სწორედ ისაა, თითქოს, „ქართული ოცნება“ არის ისეთი წარმონაქმნი, რომელიც მოწყდა საზოგადოების პოზიციებს, რაც აბსოლუტურად არათუ სწორია, არამედ უზნეო, თაღლითური ტყუილია საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსატყუებლად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.