შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი: “მთავარის” ეთერში გასული ინფორმაცია, თითქოს, შსს-დან პოლიციელები მასობრივად “გარბიან”, სიცრუეა

შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, “მთავარის” ეთერში გასული ინფორმაცია, თითქოს შსს-დან პოლიციელები მასობრივად “გარბიან” სიცრუეა.

უწყების ცნობით, ტელეკომპანიამ საზოგადოებას გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდა.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში დღეს გასულ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან პოლიციელები მასობრივად “გარბიან.”

ტელეკომპანიამ, ვითომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, საზოგადოებას მიაწოდა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს “ქვემო ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ერთდროულად 38-მა თანამშრომელმა დატოვა” – წარმოადგენს “ფეიკ ნიუსის” კლასიკურ მაგალითს.

აღნიშნული მედიასაშუალების მაყურებელთა მიმართ პასუხისმგებლობის გამო და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობის საპასუხოდ, არაერთხელ განგვიმარტავს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა გადინება და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ასევე, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ახალი კადრების მიღების მიზნით სამინისტროს ვებგვერდზე გამოცხადებული ვაკანსიები, შესაბამისი კონკურსების ღია და გამჭვირვალედ წარმართვა.

აშკარაა, რომ ტელეკომპანიის მიერ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება ემსახურება ქვეყანაში ნიჰილიზმის გაღვივებას, მაყურებელში პოლიციის საქმიანობის მიმართ მიზანმიმართულად ნეგატიური განწყობების შექმნას, შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას, უწყების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობისა და უპატივცემულობის დამკვიდრებას”,- წერია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები