ევროკომისიამ ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.
„დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადზე. ეს რეკომენდაცია შეიცავს მნიშვნელოვან გზავნილებს სამივე ქვეყნისთვის. დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს, გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე, მართალია, ჰქონდა მეტის მოლოდინი აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება. ამ რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად, ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევს საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.