ირაკლი კობახიძე: ვულოცავთ როგორც უკრაინას, ისე – მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას
ვულოცავთ როგორც უკრაინას, ისე – მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ერთ კვირაში საბჭოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადასტურდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება მოხარულია, რომ ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად ევროკომისიამ კონკრეტული გზამკვლევი შესთავაზა ჩვენს ქვეყანას.
მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ მიგვანიშნეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი აღარ გახდება.
„როგორც ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ პირდაპირ მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ასევე, საქართველომ უკრაინაზე 4 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, უკრაინაზე 3 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მოლდოვაზე 3 წლით გვიან, მაგრამ უკრაინაზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ანალოგიურად, საქართველომ უკრაინაზე 3 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების შესახებ, თუმცა, უკრაინაზე 1 წლით ადრე მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.