ანევრიზმის გასკდომის შემდეგ სიკვდილს გადაარჩენილი პატიმარი გაათავისუფლეს

 პატიმარი, რომელიც პენიტენციური ჯანდაცვის ექიმებმა, ანევრიზმის გასკდომის შემდეგ სიკვდილს გადაარჩინეს, პრეზიდენტმა შეიწყალა და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ზ.გ.-მ 8 ივლისს გონება დაკარგა, რაზეც დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინეს პენიტენციური ჯანდაცვის ექიმებმა, რომლებმაც ეჭვი თავის ტვინის მწვავე ორგანულ დაზიანებაზე მიიტანეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, განხორციელდა პატიმრის დროული დიაგნოსტირება და რეფერალი აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში, რის შემდეგაც, მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. „ზ.გ. 9 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კომატოზური მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ პაციენტი სასჯელაღსრულების ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც 7-დღიანი, პოსტოპერაციული მკურნალობის დასრულების შემდეგ დატოვა და სასჯელაღსრულების დაწესებულებას დაუბრუნდა. მსჯავრდებული მკურნალობის შემდგომ, ხანგრძლივ რეაბილიტაციას საჭიროებდა, რაც შეწყალების კომისიამ გაითვალისწინა და 4 აგვისტოს მსჯავრდებული საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები