რომეო მიქაუტაძე – „დიგიტალიზაცია იმ პროცესების ნაწილია, რომელიც კომპლექსურად ხელს უწყობს მეტად ოპტიმიზირებული და მდგრადი ენერგოსისტემის შექმნას”
„დიგიტალიზაციის პროცესი, რომელიც ენერგეტიკის სექტორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, ხელს უწყობს როგორც სამომხმარებლო და შიდა სერვისების განვითარებას, ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას მრავალი მიმართულებით და, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრო, როგორც სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, სრულად უჭერს მხარს მის განხორციელებას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სემეკის პროექტის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომელიც ევროკავშირის დაძმობილების პროგრამის მხარდაჭერით დიგიტალიზაციისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობს.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა პროექტის ინიციატორებს და აღნიშნა, რომ დიგიტალიზაცია იმ პროცესების ნაწილია, რომელიც კომპლექსურად ხელს უწყობს მეტად ოპტიმიზებული და მდგრადი ენერგოსისტემის შექმნას.
„კარგად გვესმის ამ პროექტის მნიშვნელობა, რომ სერვისის კუთხით განვითარება მოვახდინოთ, ქსელში გარკვეული სიახლეები, ოპტიმიზაციები დაინერგოს და ეს იყოს ხარისხის გაუმჯობესებისკენ, უსაფრთხოებისკენ გადადგმული ნაბიჯები. აქ ცალსახად მნიშვნელოვანია პროცესის მხარდაჭერა და მოხარული ვარ, რომ გვყავს ძალიან კარგი მეგობრები ევროკავშირში, რომლებიც უზრუნველყოფენ დახმარებას, გამოცდილების გაცვლას, გაზიარებას და ჩვენი მომხმარებლებისთვის უკეთესი მომსახურების შექმნას” – აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ. მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებაზე, ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის დახვეწაზე და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სემეკის როლი.
მიქაუტაძის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა ასევე მოიაზრებს ციფრული ტექნოლოგიების ათვისებასა და მის აქტიურ გამოყენებას სხვადასხვა სფეროებში, რაც, მთლიანობაში ხელს შეუწყობს ენერგეტიკული სისტემების ოპტიმიზაციას და განვითარებას.