“საინტერესოა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუცია გუშინ უმწვავესად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მასში გვხვდება როგორც ფაქტობრივი უზუსტობები, ისე – დაუსაბუთებელი ბრალდებები”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ უწოდებს სალომე ზურაბიშვილი მათ სამართლიან კრიტიკას “ანტიევროპულ რიტორიკას”, როდესაც ევროპარლამენტს თავად ასეთ უმძიმეს ბრალდებებს უყენებს.
“სალომე ზურაბიშვილმა “აბსურდი” უწოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ ამგვარი განცხადება პირველად არა მმართველმა პარტიამ, არამედ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გააკეთა. როდესაც ადვოკატი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს და ამ სანქციებით მას ვერავინ შეაშინებს, ეს რას ნიშნავს, საზოგადოებას კარგად ესმის და, წესით, სალომე ზურაბიშვილსაც კარგად უნდა ესმოდეს. ამ ფონზე, რატომ ცდილობს ის ირიბი სანქციების თემის დაკნინებას, გაუგებარია და ამაზე მსჯელობაც საზოგადოებისთვის მიგვინდია”, – განაცხადა კობახიძემ.