დავით ნარმანია: მერიისა და “სი-ტი პარკის“ ხელშეკრულება გადასახედია
თბილისის მერი არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქის გზებზე ახალი ავტობუსები გამოჩნდეს. დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი ავტობუსები თანამედროვე და შშმ პირებისათვის იქნება ადაპტირებული.
“შესაძლოა, მოხდეს რამდენიმე ათეული ავტობუსის ჩანაცვლება. ეს ავტობუსები იქნება თანამედროვე და ადაპტირებული შშმ პირებისთვის”, – განაცხადა ნარმანიამ საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას. რაც შეეხება “სი-ტი პარკს”, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ამ კომპანიასთან დადებულია კაბალური ხელშეკრულება.
“ხელშეკრულებას ახლავს გასაიდუმლოებული ნაწილი, რომლის გასაჯაროების შემდეგაც ჩამოგვიყალიბდება პოზიცია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ “სითი პარკთან” დაკავშირებით”, – განაცხადა თბილისის მერმა.
საკრებულოს წევრები ასევე დაინტერესდნენ, იგეგმება თუ არა ახალი ბაღების მშენებლობა დედაქალაქში და კონკრეტულად, რომელ უბნებში აშენდება ეს ბაღები. თბილისის მერის განცხადებით, ბაღები აშენდება იმ უბნებში, სადაც დიდი დასახლებებია და საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით მოთხოვნა არსებობს.
“არსებული რესურებით ვერ მოვახერხებთ ბევრი ბაღის აშენებას, მაგრამ ვეცდებით, დონორები მოვიზიდოთ და მათი მხარდაჭერით შევძლოთ ბაღების აშენება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა ყურადღება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეც გაამახვილა. მისი განმარტებით, დედაქალაქის მასშტაბით კეთდება ვითარების მთლიანი შესწავლა, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
„შევისწავლით ყველა უბნის მდგომარეობას და ამის შემდეგ დავიწყებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. შესწავლა დიდ დროს არ წაგვართმევს, შესაბამისად, მალევე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ პირველ რიგში რომელი გზა უნდა შეკეთდეს,“ – განაცხადა თბილისის მერმა.