კელი დეგნანი: როცა მესმის ხალხის ნათქვამი, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს, ჩაითრიოს ომში, ეს 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა
როდესაც მესმის ხალხის ნათქვამი, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს, ჩაითრიოს ომში მეორე ფრონტის გახსნით, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი გააკეთა ამ ომის შესაჩერებლად.
„ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს და რასაც აშშ მტკიცედ უჭერს მხარს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს კანდიდატურას ევროკავშირში, რადგან გვსურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს მის ევროპულ მისწრაფებებში. როდესაც მესმის, რომ ხალხი ამბობს, აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს, ჩაითრიოს ომში მეორე ფრონტის გახსნით, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია. ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე. აშშ აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია ამ ომის შესაჩერებლად, ამ ბრძოლის შესაჩერებლად. საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდეც აშშ იყო ქვეყანა, რომელიც დაუღალავად მუშაობდა, რომ არ დაეშვა ეს ომი.
ჩვენ აბსოლუტურად არ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს ამ ომში ჩათრევა. ჩვენი აზრით, ის, რასაც ევროკავშირი და ნატო იცავს, არის მშვიდობა და სტაბილურობა, კეთილდღეობა, თქვენ ამის ხილვა შეგიძლიათ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. სტაბილურობა, კეთილდღეობა და მშვიდობა ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად ყოფნას მოჰყვება. ჩვენ გვსურს ეს საქართველოსთვის. ასევე ვიცით, რა სურს ქართველ ხალხს. ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში სრული ინტეგრაციისადმი მტკიცე ერთგულება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.