შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც დასავლურმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ, არამედ ქართველ და მოლდოველ ხალხს

„ვფიქრობ, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც დასავლურმა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ქართველ და მოლდოველ მოსახლეობას და მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ იმ მისწრაფებაში, რასაც ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჰქვია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მასუდ გარახანისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა და ამ კონტექსტში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„წარმოვადგენ რა, პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, მეც ვაწყდები გამოწვევებს, მითუმეტეს ამ გამოწვევებით სავსე დროში, როდესაც რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამის ფონზე, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ძმებისა და დების მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ, გადავხედოთ და ხელახლა გავიაზროთ ნატოსა და ევროკავშირის მიდგომები, პერსპექტივები და როლი ჩვენს რეგიონში. ამ მხრივ, როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ ცოტა ხნის წინ უკვე გააგზავნა ევროკავშირის წევრობის განაცხადი, რასთან დაკავშირებითაც ქართველ ხალხს აქვს ევროკავშირის დადებითი გადაწყვეტილების იმედი და მოლოდინი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ნორვეგია საქართველოს ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორი, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და  ნატოში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.

უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ – 2008 წელს, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ – 2014 წელს განხორციელებული რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი იყო.

„ჩვენ ორივე ვეწვიეთ უკრაინას და შევხვდით ჩვენს კოლეგებს. ვფიქრობ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ არ იყო ადვილი მოვლენების ასეთი განვითარების წინასწარ განჭვრეტა, თუმცა მეორეს მხრივ, ნამდვილად შეიძლებოდა ამ პროგნოზის გაკეთება, თუკი გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს. ვფიქრობ, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც დასავლურმა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ქართველ და მოლდოველ მოსახლეობას და მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ იმ მისწრაფებაში, რასაც ევროპული ოჯახში დაბრუნება ჰქვია.  ასევე,  გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი რუსეთს, რომ შეუძლებელია, რომელიმე ქვეყანამ ხელი შეუშალოს ხალხის დემოკრატიული მისწრაფებას დემოკრატიული საზოგადოებისკენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები