ნიკოლოზ სამხარაძე: არამეგობრული ნაბიჯია, როდესაც დღეს უკრაინელები ამბობენ, რომ მხოლოდ უკრაინას უნდა მიენიჭოს სტატუსი და დანარჩენ ორს – არა
როდესაც დღეს უკრაინელები ამბობენ, რომ სტატუსი მხოლოდ უკრაინას უნდა მიენიჭოს და დანარჩენ ორს არა, იმიტომ, რომ მათ შეიძლება, ხელი შეეშალოთ, ყველაზე რბილი შეფასებით, ეს არის არამეგობრული ნაბიჯი და ძალიან სამწუხაროა, – ასე ეხმიანება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის ვიცეპრემიერის განცხადებას.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის მხრიდან რამდენიმე არამეგობრული ნაბიჯი გადაიდგა როგორც საქართველოს, ასევე, მოლდოვის მიმართ.
„სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის მხრიდან რამდენიმე არამეგობრული ნაბიჯი გადაიდგა როგორც საქართველოს, ასევე – მოლდოვის მიმართ. ესეც ერთ-ერთი არამეგობრული ნაბიჯია. როცა ჩვენ და მოლდოველები ყველა შეხვედრაზე ვეუბნებით, რომ სტატუსი სამივე ქვეყანას უნდა მიენიჭოს, ახლა, როცა უკრაინელები ამბობენ, რომ სტატუსი მხოლოდ უკრაინას უნდა მიენიჭოს და დანარჩენ ორს არა, რადგან შეიძლება, ამით მას ხელი შეეშალოს, არის ყველაზე არამეგობრული ნაბიჯი. მათ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ უფრო მარტივად დაარწმუნონ ევროკავშირის ქვეყნები, რომ ერთ ქვეყანას მიანიჭონ სტატუსი ვიდრე სამს, ალბათ მათი გათვლა ესაა,” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ სტატუსის მინიჭებაზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ერთ კალათაში მოქცევა გაურკვევლობას ზრდის.