დევნილთა სააგენტოს გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში იძულებით გადაადგილებულ 944 ოჯახს გადაეცემა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებული დაკანონების კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში იძულებით გადაადგილებულ 944 ოჯახს გადაეცემა.
არსებული ინფორმაციით, 850 დევნილ ოჯახს ახალგადაცემული ბინები უკანონდება, 94 ოჯახი კი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკანონდებათ და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
კომისიის გადაწყვეტილება, შუამდგომლობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდგომაც, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.