მამუკა მდინარაძე – „ომის პარტიამ“ და მათმა თანამოაზრეებმა თავი დაანებონ ომის პროპაგანდას, მეორე მხრივ, სხვადასხვა სპიკერის მეშვეობით ეროვნულ ინტერესებსა და ფასეულობებზე თავდასხმებს
თავი დაანებონ ომის პროპაგანდას და მეორე მხრივ, სხვადასხვა სპიკერის მეშვეობით ეროვნულ ინტერესებსა და ეროვნულ ფასეულობებზე თავდასხმებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები აქამდე თუ ომის თემას ემიჯნებოდნენ, ახლა ამაზე ღიად საუბრობენ.
„ამ კონტექსტში ფრთა აქვთ გაშლილი ორი მიმართულებით. ერთი – უკვე დაიწყეს საზოგადოების შეგუება. აქამდე ხომ ვერ ბედავდნენ, უარყოფდნენ და ემიჯნებოდნენ საერთოდ ამ თემას, უკვე ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოვიდა და დიახ, ომის საკითხი დაადასტურა, უკვე თქვენი კოლეგა ერთ-ერთი არხიდან გამოვიდა და თქვა, რომ დიახ, ომის საკითხი დაადასტურა მანაც. ანუ, უკვე მიდის ღია პროპაგანდა და გატესტვა ომის საკითხისა, რომ დიახ, სუვერენიტეტს სჭირდება ომი და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მათთვის მაქვს ასეთი პასუხი – თუ საომარი იქნა ამ ქვეყნისათვის და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენზე ადრე და ჩვენზე მაგრად ისინი ვერ იომებენ. ამის მაგალითები გვაქვს წარსულიდან. მათი „ნაომარი“ ძალიან კარგად გვახსოვს. ძალიან ობიექტური რომ ვიყო, ამ შემთხვევაში ყველას არ შევეხები. ძალიან კარგად გვახსოვს მათი უმრავლესობის ნაომარი, ოღონდ სხვა მიმართულებით, არა ქართლის, ცხინვალის, სამეგრელოს, თუ აფხაზეთის მიმართულებით, სადაც ცხელი წერტილები იყო. წითელი ხიდის მიმართულებით უფრო გვახსოვს რაღაც რაღაცები. ამ ქვეყანას დღეს ყველაზე ძალიან სჭირდება მშვიდობა, ეს არის ეროვნული ინტერესიც და ქვეყნის გადარჩენის გზაც. ასე გვჯერა, ეს ასეა და ამიტომ დავდივართ ამ გზაზე – მშვიდობის გზაზე, ეს ყველამ კარგად გაითვალისწინოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მეორე მიმართულებით მიმდინარეობს ეროვნულ ინტერესებზე დარტყმების გატესტვა.
„ზოგი დავით აღმაშენებელს აგინებს, ზოგი მის შთამომავლობას, ზოგი ერეკლე მეფეს და ა.შ. ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა მიდის და ვინც ამას ახმოვანებს, ვიღაც ერთი და ორი სახელი და გვარი კი არ არის, ეს არის სწორედ „ომის პარტია“ და მისი თანამოაზრეების საერთო აზრი, სხვადასხვა სპიკერის მეშვეობით ტესტავენ, რამდენად შეეგუება ქართველი, საქართველოს მოქალაქე, ქართული საზოგადოება და ზოგადად ეს ქვეყანა თავისი წმინდანების, ეროვნული იდენტობის ნაწილს ვინც წარმოადგენს, ჩვენი ისტორიის, კულტურის, თუ ასე შემდეგ სხვა ფასეულობების წინააღმდეგ დარტყმებს. საქართველო ამას არასდროს შეეგუება. თავი დაანებონ ომის პროპაგანდას და მეორე მხრივ, სხვადასხვა სპიკერის მეშვეობით ეროვნულ ინტერესებსა და ეროვნულ ფასეულობებზე თავდასხმებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.