მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: ხმაშეწყობილად საუბრობენ, რომ თუ საჭიროა, ომი უნდა იყოს და ამას აკავშირებენ ევროკავშირის პერსპექტივასა და იმ საკითხებთან, რომელიც დღეს აქტუალურია

“ჭიაბერაშვილი და „მთავარის“ ჟურნალისტი გამოდიან და ხმაშეწყობილად საუბრობენ, ასევე, სხვები პოსტებს დებენ, რომ თუ საჭიროა, ომი უნდა იყოს და ამას აკავშირებენ ევროკავშირის პერსპექტივასა და იმ საკითხებთან, რომელიც დღეს აქტუალურია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საკითხი დგას ძალიან მარტივად, თუ რადიკალური ოპოზიცია იგივე ომისა და ღალატის პარტია, გაემიჯნება გეგმას იმის შესახებ, რომ მათ სცადონ ხელისუფლების ცვლილება და შემდეგ მეორე ფრონტის გახსნა, ასეთ შემთხვევაში, ამ გეგმას ჩანასახშივე აზრი დაეკარგება, მათი ლობისტები იქნებიან თუ სხვა ადამიანები, რომლებიც მათი აზრით ამაში უნდა იყვნენ ჩართულები, შეეშვებიან ამაზე ფიქრს. მაგრამ ისინი არათუ ემიჯნებიან, ნახეთ ამ დღეებში გატესტვა და საზოგადოების შეგუება დაიწყეს იმ საკითხის მიმართ, რომ ევროკავშირის პერსპექტივა თითქოს ომთანაა დაკავშირებული. ჭიაბერაშვილი და „მთავარის“ ჟურნალისტი გამოდიან და ხმაშეწყობილად საუბრობენ, ასევე, სხვები პოსტებს დებენ, რომ თუ საჭიროა, ომი უნდა იყოს და ამას აკავშირებენ ევროკავშირის პერსპექტივასთან და იმ საკითხებთან, რომელიც დღეს აქტუალურია. ამაშია სწორედ მათი მავნებლობა, რომ არა თუ ემიჯნებიან ამ თემას, არამედ პირიქით, ვიღაცას საქართველოდან, ქვეყნის შიგნიდან თავიანთ ლობისტებს, რომლებთანაც ერთად ალაგებენ გარკვეულ გეგმებს, ელაპარაკებიან, რომ ჩვენ ომზეც წამსვლელები ვართ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ”ფორმულას” ეთერში ,,ნაცმოძრაობის” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა: “როცა გაბრალებენ, რომ, აბა, ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისათვის თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. აბა, ისე დამოუკიდებლობა არ არსებობს, სუვერენიტეტი არ არსებობს. სახელმწიფოს არსი არის სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის არსი არის, რომ თუ შენ სუვერენიტეტი უნდა დაიცვა, ეს შეიძლება, იარაღითაც მოგიწიოს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები