გია ვოლსკი: ოპოზიცია სერიოზულად მოემზადა, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის მხრიდან რაიმე პოზიტიური დამოკიდებულება არ მიიღოს
“არცერთი მონაცემი არ არის, რის გამოც ამ მძიმე პერიოდში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არა რაიმე პოლიტიკური მოსაზრება, რასაც ევროკავშირის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება ქმნიდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ოპოზიცია ძალიან სერიოზულად მოემზადა და გააფთრებული შეტევა აქვთ იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირის მხრიდან როგორმე რაიმე პოზიტიური დამოკიდებულება არ მიიღოს. ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სწორედ იმ რაკურსში განიხილება, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად იმარჯვებს და „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები მარცხდებიან. ყველაფერი, რაც ევროკავშირის წევრების კანდიდატობას ეხება, სწორედ ამ მიმართულებით არის განხილული. ოპოზიციას დღეს სხვა თემა არ აქვს. რასაკვირველია, იქ სუფევს სრული დეზინფორმაცია, რომ ომი არ უნდათ, რეალობაში კი, მეორე ფრონტის გახსნაზეა ლაპარაკი, ან ეკონომიკური სანქციები არ უნდათ, მაგრამ შავი ხვრელების თემა შემოიტანეს. ეს ყველაფერი არის სტრატეგიული სქემა, რომელსაც ხაზავენ იმის გამო, რომ საზოგადოების თვალში კარგები გამოჩნდნენ. რეალურად კი, ყველაფერი გააკეთეს, რომ მოცემულ ხელისუფლებას წარმატება არ ჰქონდეს. რეალურად როგორია რეიტინგი ქვეყნის სასამართლოსთან, კორუფციასთან, მედია თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ეს თემა არავის აინტერესებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.