ირაკლი ღარიბაშვილი: ეს ისტორიული მომენტია, ახლა ევროკავშირის ჯერია, მან უნდა გადაწყვიტოს, დგას თუ არა ევროპა მისი მოკავშირეების – პარტნიორებისა და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნების გვერდით
ეს ისტორიული მომენტია. ახლა ევროკავშირის ჯერია. მან უნდა გადაწყვიტოს, დგას თუ არა ევროპა მისი მოკავშირეების – მისი პარტნიორებისა და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნების გვერდით. კვლავ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე დროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო არის და ყოველთვის იყო მოწინავე პოზიციებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
„რა თქმა უნდა, ახლა ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და როგორც მოგახსენეთ, ხელშესახები შედეგები გვაქვს. მოდით ავიღოთ ასოცირების შეთანხმება, მისი 45 პროცენტი უკვე შესრულებულია; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში წინსვლა გვაქვს, თან მნიშვნელოვანი. საქართველო მოწინავე პოზიციებზეა.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე პოზიციებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამიტომ, გადამწყვეტი დროა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის მომსწრენი ვართ. ეს ისტორიული მომენტია. ახლა ევროკავშირის ჯერია. მან უნდა გადაწყვიტოს, დგას თუ არა ევროპა მისი მოკავშირეების – მისი პარტნიორებისა და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნების – გვერდით. კვლავ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე დროა,”- აღნიშნა პრემიერმა.