“საქართველო ევროპული სტანდარტების, ფასეულობების ერთგულია, ჩვენ ყველაზე მაღალი ფასი გვაქვს გადახდილი, რეფორმებს ვახორციელებთ, წინსვლა გვაქვს ყველა მიმართულებით, ახლა ევროპის ჯერია, მან უნდა გადაწყვიტოს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი, აქვს შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა და ევროკავშირის წევრობის განაცხადიც უკვე გაკეთებულია.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ გამოიარა ომი 2008 წელს – ბევრად ადრე, ვიდრე უკრაინამ, ბევრად ადრე, ვიდრე ყირიმმა. ჩვენ ყველაზე მაღალი ფასი გადავიხადეთ. ვინ გადაიხადა ეს ფასი? ქართველმა ხალხმა. 90-იან წლებშიც ორი ომი გვქონდა რუსეთთან, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ – დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ. ამიტომ, ეს არის ჩვენი მიზანსწრაფული არჩევანი. ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი.
სპეკულირება არ მინდა. რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრებს ვესაუბრებით ამის შესახებ. ევროპელ მეგობრებთან ვსაუბრობთ. მე პირადად მქონდა საუბარი ჩემს კოლეგებთან.
მრავალი შეხვედრა გავმართე მათთან და სატელეფონო საუბრებიც მქონდა. ბრიუსელში 10 დღის ან 2 კვირის წინ ვიყავი და ლიდერებს შევხვდი. რა თქმა უნდა, ჩემი გზავნილი ის არის, რომ საქართველოს თავისი საშინაო დავალება შესრულებული აქვს და ახლა ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური, სტრატეგიული და თან მორალური გადაწყვეტილებაა. თან სიმბოლურია.
ასე მაგალითად, რა გზავნილს ვუგზავნით რუსეთს? ავიღოთ საქართველო.
არ ვისაუბრებ სხვა ქვეყნებზე და მხოლოდ საქართველოს შესახებ ვიტყვი: საქართველო ერთგულია ევროპული სტანდარტების, ფასეულობების, ევროკავშირის ფასეულობების. თან ჩვენ ყველაზე მაღალი ფასი გვაქვს გადახდილი, რეფორმებს ვახორციელებთ, წინსვლა გვაქვს ყველა მიმართულებით. ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს და წევრობაზე განაცხადიც გაკეთებულია. ახლა ევროპის ჯერია. ახლა მან უნდა გადაწყვიტოს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.