დავით სერგეენკო – მიხეილ სააკაშვილზე: შვიდი დიასახლისის ხელში ბავშვი მშიერი რჩებაო, რაღაც, ამ ვითარებასთან გვაქვს საქმე
შვიდი დიასახლისის ხელში ბავშვი მშიერი რჩებაო, რაღაც, ამ ვითარებასთან გვაქვს საქმე, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს არა კლინიკური აუდიტი, არამედ – კონსილიუმი.
“უნდა ჩატარდეს არა კლინიკური აუდიტი, არამედ – კონსილიუმი, როდესაც მკურნალი და მოწვეული ექიმები სხდებიან ერთად და მაგიდიდან იქამდე არ დგებიან, ვიდრე კონსენსუსამდე არ მივლენ, რომელსაც იქვე ხელმოწერით დაადასტურებენ.
პროცესები ჭარბად პოლიტიზებული და არასწორად ორგანიზებულია. რაც აქამდე ხდებოდა და რაც ახლა ხდება, არის არა კონსილიუმი, არამედ – კლინიკური აუდიტი, როდესაც გარედან მოწვეული სპეციალისტები – იმის მიუხედავად, თუ ვისი ორგანიზებით – შედიან, მკურნალ ექიმებთან არ სხდებიან და არ მსჯელობენ და არ აანალიზებენ სიტუაციას იქამდე, ვიდრე კონსენსუსურ გადაწყვეტილებამდე არ მივლენ, რასაც ხელმოწერით დაადასტურებენ. აი, ეს არის კონსილიუმი. რაც ახლა ხდება, არის კლინიკური აუდიტი, როცა სპეციალისტები შედიან, სწავლობენ დოკუმენტაციას, სწავლობენ ვითარებას, მიდიან, წერენ დასკვნას, უგზავნიან, ისინი უგზავნიან პასუხს და ეს ასე გაუთავებლად გრძელდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.