2022 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 33.2%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წლის I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.2 პროცენტით გაიზარდა და 38.6 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 14.1 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37.0 პროცენტით მეტია.
ამასთან, 2022 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 66.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.1 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 18.5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
თუმცა, მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 49.1 პროცენტი, საშუალოზე – 23.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 27.5 პროცენტი.