მამუკა მდინარაძე სალომე სამადაშვილზე: მარტივად გაიშიფრნენ – სუბიექტურად, მათი ინტერესია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამაზე თავიანთი პოლიტიკური გეგმები ააგონ
სალომე სამადაშვილი პირდაპირ გეგმას დებს, როდესაც პრემიერი და მინისტრები პარლამენტში იყვნენ, ვერ მოითმინა და თქვა, რომ თუ უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს მიიღებენ და საქართველო არა, პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს და გადადგესო, ეს არის მათი გეგმა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„მარტივად გაიშიფრნენ და დაიწყეს საუბარი იმაზე, რაც უნდათ. სუბიექტურად, მათი ინტერესია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამაზე თავიანთი პოლიტიკური გეგმები ააგონ. თუ დსთ-ში მყოფი მოლდოვის მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირის მხრიდან და საქართველოს მიმართ – არა, ეს აქტიური ჩარევის შედეგი და ნამუშევარი არ იქნება ამ საკითხზე? ეს უნდათ დააჯერონ ქართულ ან დასავლურ საზოგადოებას?! მაშინ რა უნდა გავაკეთოთ?! ჩავწეროთ კონსტიტუციაში სამხედრო ნეიტრალიტეტი, უნდა ვიყოთ დსთ-ში და მაშინ უფრო მეტი შანსი გვექნება?! ეს უნდა უთხრას ვინმემ საქართველოს? ეს ასე არ არის, ეს არასამართლიანი იქნება და წარმოუდგენელია. ამიტომ იმედს ვიტოვებ, იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები კანდიდატის სტატუსს მიიღებენ, მაშინ საქართველოც მიიღებს, რადგან იმსახურებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი 10 მაისს გადასცა.