ელისო ბოლქვაძე: საგანმანათლებლო პროგრამები უნდა პასუხობდეს დარგის პრაქტიკული, აკადემიური და პროფესიული განვითარების ცვალებად ტენდენციებს და თანამედროვე გამოწვევებს
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში – „ადრეული განათლება და ზრუნვა”- მიიღო მონაწილეობა.
კომიტეტის თავმჯდომარემ კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ხარისხიანი ადრეული განათლების მნიშვნელობაზე.
„ბავშვები – ეს ხომ ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია! ამიტომაც აუცილებელია მათზე ზრუნვა და შრომა იმისათვის, რომ მათი ცხოვრება იყოს რაც შეიძლება უკეთესი. ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვს! ადრეული განათლება და განვითარება მოიცავს 0-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვის განათლებისა და განვითარების შესახებ მეცნიერულ ცოდნასა და პროფესიულ პრაქტიკას, რომელიც ადამიანის ცხოვრების ყველაზე სენსიტიურ და კრიტიკულ პერიოდს უკავშირდება. ეს არის ინტენსიური ზრდისა და განვითარების ეტაპი, სადაც ხარისხიანი ადრეული განათლებისა და განვითარების კონტექსტი, როგორც სოციალური თანასწორობის პირობა, განსაკუთრებით ღირებულია, ერთი მხრივ, ბავშვის აწმყოსა და მომავლის, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
მისი მოსაზრებით, ადრეული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა აერთიანებდეს ბავშვის განვითარების ყველა ასპექტს.
„ადრეული განათლების და განვითარების სფერო დინამიკური, მუდმივად განვითარებადი დარგია, შესაბამისად პროგრამები უნდა პასუხობდეს დარგის პრაქტიკული, აკადემიური და პროფესიული განვითარების ცვალებად ტენდენციებს და თანამედროვე გამოწვევებს”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.