შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა რეგიონისადმი თავისი გრძელვადიანი ინტერესი უნდა წარმოაჩინოს საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერის განცხადებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„ეს მართლაც ჭეშმარიტების მომენტია ევროკავშირისა და მისი საერთაშორისო საქმიანობის სანდოობისა და ლეგიტიმურობისთვის. ამ სტრატეგიულ ეტაპზე ყოფნისას ევროკავშირმა რეგიონისადმი თავისი გრძელვადიანი ინტერესი უნდა წარმოაჩინოს საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით“, – წერს პაპუაშვილი.
მანამდე მაკალისტერმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ევროპის სახალხო პარტიას“ მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია.