სამთავრობო პროგრამა: სისტემური რეგისტრაციის წარმოების არეალებად განისაზღვრა საქართველოს 59 მუნიციპალიტეტი

“სისტემური რეგისტრაციის წარმოების არეალებად განისაზღვრა საქართველოს 59 მუნიციპალიტეტი (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა). შემუშავდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2021 წლის 17 დეკემბერს”, -ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

“შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა, რომ 2025 წლის 1 იანვრამდე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება/ამ უფლებაში ცვლილება უსასყიდლოდ რეგისტრირდება. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ყველა სახის მომსახურება მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილზე მიეწოდება. მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა/აზომვა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და უფლებების რეგისტრაცია სააგენტოს მიერ წარმოებს. სისტემური რეგისტრაციის პროცესის ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს ISO 19157 და ISO 2859-1 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში 2021 წლის 1 ივნისიდან დღემდე დარეგისტრირდა 40 018 მესაკუთრის უფლება 27 477 მიწის ნაკვეთზე, რომელთა ჯამური ფართობია 15 648 ჰა. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირებულ მესაკუთრეთა 48.8% (19 544 მესაკუთრე) ქალია. აზომილია/იდენტიფიცირებულია 51 185 ერთეული მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობია 16 558.2 ჰა. შესასრულებელი სამუშაოების წარმართვისთვის ორგანიზაციას ეტაპობრივად შემოუერთდნენ ახალი თანამშრომლები, ჩატარდა მათი სწავლება. 2022 წლის 10 მაისის მდგომარეობით, დასაქმებულია 408 ამგეგმავი, 224 რეგისტრატორი და 7 საჯაროდ გამოცხადების სპეციალისტი; შეძენილია 235 საამზომველო ხელსაწყოს კომპლექტი და 141 მაღალი გამავლობის ავტომობილი.

2021 წელს დაცულ ტერიტორიებზე დაიწყო სალაშქრო ბილიკებისა და თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებში 10 დაცულ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 1 000 კმ-ზე მეტი სიგრძის სალაშქრო ბილიკების ქსელისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2021 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, 4 დაცულ ტერიტორიას: კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებს, ქობულეთისა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს, როგორც უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, UNESCO-ის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა”,- ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები