შალვა პაპუაშვილი: თუკი ვინმე იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას, ეს გახლავთ საქართველო

იმედი მაქვს, ევროკავშირს ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ, ერთი მხრივ, ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, უკრაინელ და მოლდოველ ხალხსაც, სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და, მეორე მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ვინმე იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას, ეს გახლავთ საქართველო.

„თუკი ვინმე ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას იმსახურებს, ეს გახლავთ საქართველო. ერთი: საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაახლოების კუთხით წინსვლა ყოფილიყო, ასოცირების შეთანხმების 45% შესრულებული არის და მეორე: ქართველი ხალხი 30 წელია თავისი დასავლური პერსპექტივისთვის იბრძვის. იბრძვის ამ სიტყვის, როგორც გადატანითი ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სისხლი გვაქვს დაღვრილი.

ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე, რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა, თავისი ევროპული პერსპექტივის სურვილი გამოეცხადებინა, ეს კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, ამისთვის გვებრძოლა, სისხლი დაგვეღვარა, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ ერთის მხრივ, ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, უკრაინელ და მოლდოველ ხალხსაც, სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორეს მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას. ჯერი ევროკავშირზე და მის თამამ გადაწყვეტილებაზეა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები