სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში: უკრაინისადმი სოლიდარობა გამოიხატება არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში პრაქტიკული მხარდაჭერით, არამედ საქართველოს მტკიცე პოზიციებით
“უკრაინისადმი სოლიდარობა გამოიხატება არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში პრაქტიკული მხარდაჭერით, არამედ საქართველოს მტკიცე პოზიციებით, რეზოლუციების დასპონსორებით/თანადასპონსორებით თუ განცხადებებზე მიერთებით ყველა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში”,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წლის 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ სანქციებს დონეცკსა და ლუგანსკზე.
“ამასთან, საერთო ჯამში, თებერვლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საქართველოს მიერ უკრაინისადმი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობამ 260-ს მიაღწია.
იმ პირობებში, როდესაც უმეტესმა სახელმწიფოებმა თავიანთი დიპლომატიური მისიები კიევიდან გაიყვანეს, საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს არცერთი დღით არ შეუჩერებიათ ფუნქციონირება და დღესაც რჩებიან ადგილზე როგორც კიევში, ისე ლვოვსა და ოდესაში. ქართველი დიპლომატები უწყვეტად აგრძელებენ უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერის კოორდინაციას საქართველოს მოქალაქეთა დახმარებას. ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას, რაც ასევე მოიცავს საქართველოში შემოსული უკრაინელი მოქალაქეების საცხოვრებლითა და სხვა რესურსებით უზრუნველყოფას. დღეის მდგომარეობით, უკრაინაში გაიგზავნა 1000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი (150 ტონა საჰაერო, ხოლო დანარჩენი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით). საქართველომ უკრაინისთვის უკვე გამოყო 7 მილიონი აშშ დოლარი და ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას.
გაგრძელდა რეგიონში დაბალანსებულ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე დამყარებული პოლიტიკის განხორციელება. მიმდინარეობდა მუშაობა რეგიონში დასავლელი პარტნიორების კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის მიზნით, რუსეთის ნეგატიური გავლენის დასაბალანსებლად სამხრეთ კავკასიაში. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ წამოაყენა მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა, რომლის მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა. მიმდინარეობს კონსულტაციები აზერბაიჯანსა და სომხეთთან ამ ინიციატივის ფარგლებში კონკრეტული თანამშრომლობის მიმართულებებზე. საქართველომ, ე. წ. 3+3 რეგიონული პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით დააფიქსირა ცალსახა პოზიცია − იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფას და ამავდროულად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეთნიკურ ნიადაგზე, მიუღებელია რუსეთის ფედერაციასთან ამ ფორმატში თანამშრომლობა. 2021 წლის 1 ივნისს განხორციელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში და გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. აგრეთვე საქართველოსა და თურქეთს შორის უმაღლესი დონის შეხვედრა შედგა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. 2021 წლის 29 სექტემბერს, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მე-8 მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, რომელსაც თანათავმჯდომარეობდა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მიმდინარე წლის 26-27 აპრილს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრების დროს, განხილულ იქნა ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაღრმავებისაკენ გადასადგმელი ნაბიჯები. 9 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ხელმეორედ არჩევის შემდეგ, პირველი ორმხრივი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. ამასთან, 2021 წლის 9 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის − ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2021 წლის 19-20 დეკემბერს − გაიმართა საქართველოსა და სომხეთს შორის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მე-11 სხდომა, რომელსაც თანათავმჯდომარეობდა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. 2022 წლის 29-30 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია”,- ნათქვამია მოხსენებაში.