„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონის ეფექტური აღსრულებისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ემზადება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გაზაფხულზე მიიღო, დღეიდან ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო, სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, ნებისმიერი ფიზიკური პირის განაცხადის განხილვას მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან დაიწყებს.
ამასთან, კანონის ეფექტური აღსრულებისთვის, სააგენტო ევროპელ პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ემზადება და როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, სააგენტო მომხმარებელთა უფლებებებზე ფოკუსირებული ორწლიანი დაძმობილების „ტვინინგ” პროექტის განხორციელებასაც იწყებს.
მისი თქმით, სააგენტოს კონსულტაციებს, ტექნიკურ მხარდაჭერას ლიეტუვის და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი გაუწევს.
„დღეიდან კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი დეპარტამენტის ფორმირება იწყება. საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის თაობაზე კანონქვემდებარე აქტი შევუშავდება. ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობისა და დანერგვის მიზნით, თანამშრომელთა გადამზადებაც იგეგმება. უკვე სექტემბრიდან კი, კანონით განსაზღვრული ძირითადი უფლებების და სხვადასხვა საოპერაციო საკითხების განსახილველად, ბიზნეს სექტორთან და მომხმარებელთან აქტიური შეხვედრები დაიწყება” – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.