ბექა ოდიშარია ლატვიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ ლატვიის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ულდის ბუდრიკისი ხელმძღვანელობს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე  ხაზი გაესვა საქართველო-ლატვიის მჭიდრო ორმხრივ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ლატვიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

„ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულია ევროპის  ქვეყნებთან ურთიერთობისა და კავშირების ინტენსიფიკაცია.

ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანია, ჩვენი ქვეყნის მიმართ ლატვიის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებით კი, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადისა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება.

შეხვედრის დასასრულს, ბექა ოდიშარიამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და მისთვის, როგორც ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსულისთვის საქართველოში, შეხვედრის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

დელეგაციის შემადგენლობაში ევროპულ საქმეთა და საგარეო საქმეთა კომიტეტების წევრი ლივა კრეიტუსე და ევროპულ საქმეთა კომიტეტის მრჩეველი მადარა კარკლინა შედიოდნენ.

შეხვედრას ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ინგრიდა ლევრენცე ესწრებოდა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები