გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალების ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე თემატური მოკვლევა დაიწყო
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალების ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე თემატური მოკვლევა დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბჭომ თემატური მოკვლევის ჯგუფი დანიშნა, რომელმაც მთავარ მომხსენებლად საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აირჩია.
„ჩვენი თემატური მოკვლევის მთავარი ხაზი იქნება, პირველ რიგში, შევხედოთ სად გვაქვს ბარიერები და გამოწვევები, იქნება ეს კანონი, პრაქტიკა თუ ინსტიტუციური მოწყობა, რაც ქალებს ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს. მეორე მიმართულება იქნება ამ თვალსაზრისით კარგი პრაქტიკის ნახვა იმ ქვეყნებში, სადაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა და რა მაგალითები, რა პოლიტიკის და სამართლებრივი ინსტრუმენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ და დავნერგოთ საქართველოში ამ მიმართულებით“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, ასევე, მოხდება სხვადასხვა ექსპერტული ჯგუფების, ცალკეული ექსპერტების თუ ორგანიზაციების ამ თემაზე დადებული ინფორმაციის, დასკვნების და რეკომენდაციების სისტემატიზაცია.
„ამ ყველაფრის საფუძველზე გენდერული საბჭოსთვის, პარლამენტისთვის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისთვის მოვამზადებთ ობიექტურ რეალობაზე დაფუძნებულ ანალიზს, რომელიც სახელმწიფოს დაანახებს სწორი მოქმედების გზებს და სტრატეგიას“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები, ასევე არიან: ნინო წილოსანი, ბექა ლილუაშვილი, მარიამ ლაშხი, ლევან ქარუმიძე, ხათუნა სამნიძე და ნინო იობაშვილი.
თემატური მოკვლევის ჯგუფთან მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირის პროექტი „ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“.